ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" რესტორნის მიმდებარედ, ორსართულიანი ტაძარი აშენდება, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ქუთაისიპოსტი" ავრცელებს.
პროექტის ავტორის, არქიტექტორ ანდრო მარჯანიშვილის განაცხადებით, ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. მისივე თქმით, მეუფეს სურვილია ტაძარი "მაკდონალსდის" რესტონარანზე მაღალი გამოჩნდეს.
არქიტექტორის ინფორმაციით, ტაძარი დაახლოებით 700 კვ.მ-ზე განთავსდება, პირველი სართული ბაზილიკა იქნება, მეორე კი გუმბათოვანი.
ცნობისთვის, ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის აგება მეუფე კალისტრატეს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. თუმცა, იმ ადგილზე ახლა "მაკდონალდსის" სწრაფი კვების ობიექტი შენდება. რესტორნის მშენებლობა სასულიერო პირებმა მიმდინარე წლის 13 იანვარს გააპროტესტეს, თუმცა მოგვიანებით მათ ყოფილი რესტორანი "თოლიას" ტერიტორია შეთავაზეს.
არსებული ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ტაძარი უნდა აშენდეს ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ის ქალაქის საკუთრებაში უნდა გადავიდეს.
მერიის არქიტექტურის განყოფოფილებაში ჯერ კიდევ 2015 წელს ამბობდნენ, რომ სამინიტროს წერილობით მიმართეს, თუმცა ეს საკითხი პროცედურულად გაჭიანურებულია.