ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ იმერეთისა და გურიის რეგიონში ჩატარებული ფართო მასშტაბიანი ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად დაკავებულია ხუთი პირი.
ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ეჭმიტანილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნათის რწმუნებული ტარიელ ძნელაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთის რწმუნებული ამირან ჩაგუნავა, რომლებმაც სამართალდამაცავების ცნობით, არაერთგზის დაამზადეს ყალბი ცნობები ხე-ტყის მასალის წარმოშობის შესახებ. მათ მიერ აღებული ქრთამის რაოდენობა ყალბ ცნობაში მითითებული ხე-ტყის ოდენობაზე იყო დამოკიდებული.
ანალოგიური კორუფციული საქმიანობისათვის - ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი პიროვნება დააკავეს: სოფელ საკრაულას რწმუნებული თამაზ ჯოხაძე და სოფელ ხანის რწმუნებული ვლადიმერ გიორგიძე. ხე-ტყის წარმოშობის ყალბ ცნობებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოქალაქეებზე ასევე გასცემდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის რწმუნებული მამუკა მაჭარაშვილი, რომელიც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უშუალოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე და 341-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შესაბამისად 6-დან 9 წლამდე და 2-დან 4 წლამდე ვადით.