ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-მა „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად კონკურსი დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“- ს ფარგლებში ყველაზე სუფთა სოფლის, ყველაზე სუფთა ქუჩისა და ყველაზე სუფთა ეზოს გამოვლენის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებს კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ მიაწოდა და კომისიის წევრებს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ყველაზე სუფთა სოფლების,ყველაზე სუფთა ქუჩებისა და ყველაზე სუფთა ეზოების ჩამონათვალი და ფოტომასალები წარუდგინა.
ამ ეტაპისთვის გამოვლენილ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციული ერთეული, 6 ქუჩა და 10 საცხოვრებელი სახლის ეზო.
კონკურსი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.