კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა სამსახურის უფროსი დავით ოქიტაშვილი თანამდებობიდან გადადგა.
"კულტურის სამინისტროდან იმიტომ წამოვედი, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა", - ამ მიზეზით ხსნის ოქიტაშვილი პოსტის დატოვების მიზეზს "ვერსიასთან" საუბარში და აქვე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება "რივერდანსის" მოცეკვავეთა კონცერტს არ უკავშირდება.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ არავინ მოგვიტყუებია... ამ თემაზე აღარ მინდა ლაპარაკი იმიტომ, რომ არ მიყვარს, როცა თავს ვიმართლებ. მითუმეტეს, თავის გასამართლებელი არაფერი მჭირს", - განმარტავს ოქიტაშვილი.
რაც შეეხება კულუარებში გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ ოქიტაშვილის ადგილის დაკავება მის მოადგილეს, ნინო წკრიალაშვილს სურდა, კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი აღნიშნულს არ გამორიცხავს, თუმცა მასში არც დარწმუნებულია.
"არ ვიცი და არ ვარ დარწმუნებული, რომ ნინას ჩემი ადგილი უნდოდა. დარწმუნებული იმაში ვარ, რომ ნებაყოფლობით წამოვედი და ვინ დაინიშნება ჩემს ადგილას, ამას გადაწყვეტენ ის ადამიანები, ვისაც ეს ხელეწიფება", - აცხადებს ოქიტაშვილი.
აღსანიშნავია, რომ უკვე დააფუჩნა საკუთარი ორგანიზაცია და მისთვის კარგად ნაცნობი საქმის კეთების გაგრძელებას აპირებს.