საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში ახალი 100–საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა - „წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრი" ამოქმედდა.
რებილიტირებული სამედიცინო დაწესებულება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან და მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია. კლინიკა დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით და აღჭურვილია თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით. კლინიკაში დასაქმებულია 250–მდე ადამიანი.
მცხეთის სამედიცინო ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ისარგებლოს უფასო და შეღავათიანი სამედიცინო სერვისით. კლინიკაში მუშაობს 24– საათიანი გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.
ახალი სამედიცინო დაწესებულება გათვლილია, როგორც მცხეთა მთიანეთის რეგიონის სამხარეო საავადმყოფო.