ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ძლიერი წვიმის შედეგად გარკვეული სახის ზიანი მიადგა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმის შედეგად გზები ჩამოირეცხა და გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები მამუკა წოწერია, თამაზ ჟორჟოლიანი და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
გამგებლის პირველი მოადგილის მამუკა წოწერიას ინფორმაციით „ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სანიაღვრე არხთან დაკავშირებული პრობლემებია უკვე მიმდინარეობს კაპიტალური სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. მთავარ პრობლემას კი ქალაქიდან მომავალი წყლის ნაკადი ქმნის. ვინაიდან ეს გზა საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, მათთან მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს ხანებში განახორციელოს ჭითაწყარის გზაჯვარედინთან, შუქნიშანის მიმდებარედ გზის გადაჭრა და სათანადო მილის ჩადგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქიდან მომდინარე წყლის მოცილებას და მის ჩაშვებას მდინარე ჩხოუშში, რითაც მოგვარდება წყლის ჭარბი ნაკადის პრობლემა. ეს სამუშაოები გვიჩვენებს ჭითაწყარის იქნება თუ არა საჭირო დამატებითი კაპიტალური სანიაღვრე არხების მოწყობის საჭიროება. ამ ღონისძიებით ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ წყლის ჭავლს და ეს პრობლემა მოგვარდება რაც შეეხება ჯიხაშკარს, ზუგდიდი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე, საგზაო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ ხიდთან მიმდებარედ არსებულმა მილ-ხიდმა ვერ უზრუნველყო უხვი ნალექის დროს მოსული წყლის ნაკადის გატარება, რის შედეგადაც დაიტბორა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობები. დადგენილია სავარაუდო ტექნიკური პრობლემები მილ-ხიდთან დაკავშირებით, რომლის მოგვარება უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ფუნქციონირებას.
ჯიხაშკარში ასევე პრობლემებია მდინარე ტარჩიას ხეობაში, სადაც ჩვენი ძალებით გაკეთებული გვქონდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მაგრამ დღევანდელმა მდგომარეობამ გვიჩვენა რომ ეს ნაპირსამაგრი სამუშაოები გასაგრძელებელია, ვინაიდან ნაპირსამაგრი დამბა ჩამოირეცხა. ამიტომ კაპიტალური ნაპირსამაგრებისა და გაბიონების მოწყობაა საჭირო. ამასთან დაკავშირებითაც მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, რათა მოხდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსება. გარკვეული შეფერხებები იყო გრიგოლიშის გზაზე სანიაღვრე არხების წყალგამტარიანობის გამო. ამ ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოები ყველგან მიმდიმარეობს.
მზადდება შესაბამისი დეფექტური აქტები და ფოტომასალა, რომელიც გადაეგზავნება ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდგომი რეაგირების მიზნით. მნიშვნელოვანი ზარალი არ ფიქსირდება“ - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.