30 ივნისს, 15:00 საათზე, აჭარის მწერალთა კავშირში, გაიმართება ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის "რეჟისორი ეთერ თავართქილაძე~ პრეზენტაცია.
ეთერ თავართქილაძე წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მოსკოვში და პეტერბურგში, ხოლო ეროვნული მოძრაობის ტალღამ ის საქართველოში დააბრუნა XX საუკუნის 90-იან წლებში. მას შემდეგ იყო ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. სწორედ, მის სახელთან არის დაკავშირებული ბათუმში მოზარდ მაყურებელთა თეატრის დაარსება.
წიგნში განხილულია რეჟისორ ეთერ თავართქილაძის შემოქმედება. გამოცემას თან ერთვის სარეპეტიციო დღიურები, რეჟისორის მიერ საქართველოში და უცხოეთში დადგმული სპექტაკლების სია და ბიბლიოგრაფია.
წიგნი გამოსცა "თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა", გამოცემის რედაქტორია თეატრმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ვასილ კიკნაძე, ხოლო სარედაქციო კოლეგიას წარმოადგენენ "თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის" გამგეობის წევრები, თეატრმცოდნეები ნერონ აბულაძე, მარიამ ჩუბინიძე, თამარ კიკნაველიძე და თამარ მუქერია.