შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს თელავში მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში უმასპინძლა. პროექტი - „ეს ჩემი ქალაქია“ სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში წარმოადგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე მოწყობილ იმიტირებულ ქალაქს ეწვია, ადგილობრივ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი კუთხე დაათვალიერა.
იმიტირებულ ქალაქში ბავშვებსა და მოზრდილებს, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი დახვდათ:
სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. საუკეთესო ნამუშევრები ჟიურიმ გამოავლინა და მათ ავტორებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.
შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი - „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს მომსახურების სააგენტომ შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. მოქალაქეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია სტუმრებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიასა და საკუთარ სპორტულ მიღწევებზე ესაუბრა.