დამოუკიდებლობის დღის სამზადისთან დაკავშირებით 25 მაისის საღამოსა და 26 მაისს, ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.
როგორც განცხადებაში წერია, ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ტექნიკა გამოეფინება.
"დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და სამზადისის გამო, 25 მაისის ღამის საათებში და 26 მაისს ქუთაისში ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გამოეფინება სამხედრო ტექნიკა ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე.
საზეიმო ღონისძიების მზადებისა და ჩატარების გამო, 24-26 მაისს შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ცისფერყანწელთა ქუჩაზეც“, - წერია განცხადებაში.