სოფელ ხევისჯვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქარიშხალმა დაახლოებით 5 ჰექტარის ფართობის ტყე გაანადგურა. ძლიერმა გრიგალმა წიწვოვანი ხეები მოტეხა, ზოგიერთი მათგანი კი ძირფესვიანადაა მოგლეჯილი.
არსებული ინფორმაციით, სტიქიას ერთი ძროხა ემსხვერპლა, რომელიც ტყეში ბალახს ძოვდა. მას მოტეხილი ფიჭვი დაეცა.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, სოფლის მოსახლეობა ყვება, რომ ამ დრომდე მსგავსი მოვლენა არ უნახავთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გრიგალმა სოფელს გვერდი აუარა, თუმცა მათ დაინახეს ჰაერის შავი მასა, რომელიც დიდი სიჩქარით უახლოვდება სოფელს, შემდეგ კი ხევის მხარეს გვერდი აუარა. აქედან გამომდინარე, ქარიშხალს სოფლისთვის ზიანი არ მიუყენებია.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ იმასაც, რომ დიდი სიჩქარით მოძრავმა ჰაერის შავმა მასამ ხევთან წყალიც აიტაცა.