„პროტესტის ტალღა იყო უზურპირებული ჩასული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ ექსპერტების მიერ“,-განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა. მან სოფელ ჭართალისა და მუგუდის მოვლენებზე ისაუბრა.
„პროტესტის ტალღა იყო უზურპირებული ჩასული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ ექსპერტების მიერ. მათ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს და პანიკა დათესეს. მათ არანაირი რეალური არგუმენტი არ ჰქონდათ, რითაც დაამტკიცებდნენ, რომ ელექტროხაზები ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ასეთი ხაზები საქართველოში 1300 კმ-ია და მას ქსანი-სტეფანწმინდის 100-კილომეტრიანი მონაკვეთიც დაემატება. ამ ტიპის ხაზები საქართველოში 30 წელია არსებობს და თუ მართლაც ასეთი საშიშია მაშინ მას უკვე უნდა გამოეწვია ქვეყანაში აპოკალიფსის დონის კატაკლიზმები. პროექტის მოწინააღმდეგეები ცდილობენ, წარმოადგინონ ისე თითქოს ჩვენ ახალ მეთოდს ვნერგავთ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა ელოშვილმა.
მისი თქმით, მშენებლობა სტანდარტების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
„მშენებლობის ევროპული სტანდარტები სრულადაა გათვალისწინებული და პირიქით, ჩვენ უფრო ვამკაცრებთ კრიტერიუმებს. თუკი ევროპაში ბოლო ხაზიდან მიწამდე დაშორება 13-ნახევარი მეტრია, ჩვენთან 30 მეტრის დაშორებები იქნება. ასე რომ მოსახლეობისთვის ელექტროგადამცემი ხაზები აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება. რაც შეეხება მეწყერთან დაკავშირებულ საკითხს, მშენებლობისას რთულ მონაკვეთებზე დამატებით უსაფრთხოების ზომებს მივიღებთ და გამოვიყენებთ დამცავ კედლებსა და გაბონებს. მოსახლეობას ვაჩვენებთ პროექტს და ამის შემდეგ დავიწყებთ სამუშაოებს“, - განაცხადა ელოშვილმა.