საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმება ხამიდ კარზაის ავღანეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი უკვე შეხვდა ხამიდ კარზაის ქაბულში, მაშინ როდესაც დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ მისი გამარჯვების შესახებ ოფიცილაურად გამოაცხადა.
პან გი მუნმა მოუწოდა ავღანეთის პრეზიდენტს, რაც შეიძლება მალე მოახდინოს ახალი მთარობის ფორმირება და მუშაობას შეუდგეს.
დასავლეთის სახელმწიფოებმა "შვებით ამოისუნთქეს" იმის შემდეგ, რაც ავღანეთში არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა და ახლა უკვე კარზაიდან გადამწყვეტ მოქმედებებს ელიან. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ იგი უკვე ესაუბრა ავღანეთის პრეზიდენტს და გამარჯვება მიულოცა.
"ამჟამად ავღანეთის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც დაფუძნებული იქნება მმართველობის სისტემის სრულყოფაზე. ეს კი ძალიან სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს: აღმოსაფხვრელია კორუფცია, ავღანეთის უსაფრთხოების ძალები კოორდინაციაშია მოსაყვანი, რათა ავღანელმა ხალხმა თავად შეძლოს თავისი უსაფრთხოების დაცვა. თუმცა, როგორც მე ვუთხარი კარზაის, ყველაფერი ეს დასამტკიცებელია არა სიტყვით, არამედ საქმით", _ განაცხადა ობამამ.
ხამიდ კარზაი ამჟამად თავის მეორე საპრეზიდენტო ვადის შესრულებას შეუდგა კიდევ 5 წლით. კარზაი გამარჯვებულად მაშინ გამოცხადდა, როდესაც ოპოზიციის ლიდერმა აბდულა აბდულამ უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აბდულა აბდულა პოლიტიკური არენიდან წასვლას აპირებს: "ვაპირებ მომავალშიც შევიტანო ჩემი წვლილი ჩემო ქვეყნის განვითარებისთვის", _ აცხადებს აბდულა.