.საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს ირანს, რაც შეიძლება მალე მოახდინოს რეაგირება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ("მაგატე") პროექტზე, რომელიც ატომური საწვავის მიწოდებას ეხება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოუწოდა ირანს, მიიღოს "ექვსეულის" წინადადებები, რომელიც მათ ატომურ პროგრამას ეხება და აღნიშნა, რომ ამ წინადადების პირობები არ შეიცვლება.
"თეირანისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა. ირანის მიერ მისთვის შეთავაზებული წინადადებების მიღება კარგი დასტური იქნებოდა იმისათვის, რომ ირანს არ სურს იზოლაციაში მოქცევა და მას თანამშრომლობა სურს", _ აცხადებს კლინტონი.
თანამდებობიდან მალე მიმავალი "მაგატეს" დირექტორი მუჰამედ ალ-ბარადეი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ ირანმა რაც შეიძლება მალე და მკაფიოდ უნდა უპასუხოს წინადადებებს, რომელიც მათი ბირთვული პროგრამის მშვიდობიანობის გარანტია იქნება.
აღსანიშნავია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თეირანს კომისიის შექმნა სურს, რომელიც "მაგატეს" წინადადებს "გადახედავს". ხოლო ამ კომისიის მუშაობის დროის განმავლობაში ირანი გააგრძელებს საწვავის თვითნებურ გამდიდრებას. აღსანიშნავია ასევე, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა ირანის ამ წინადადებას აღნიშნული პროცესის გაჭიანურების მცდელობა უწოდეს.