აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სარფზე“, თურქეთის მხარეს არსებულ შეფერხებებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„აჭარის მთავრობა ფლობს რა სრულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს და ხაზს უსვამს, რომ შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურექეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო.
აღნიშნული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გახდა მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების მიზეზი , რაც განსაკუთრებით საგრძნობი ხდება შაბათ-კვირის დღეებში საქართველოში შემომსვლელთა გაზრდილი ნაკადის გამო.
თურქეთის მხარეს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამის შესახებ არაერთხელ იქნა აღნიშნული მასმედიის სხვადასხვა საშუალებით. რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს არსებულ ვითარებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან“,- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეებმა გუშინ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სარფზე“, თურქეთის მხარეს შექმნილი ვითარება გააპროტესტეს. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რიგში დგომა რამდენიმე საათის განმავლობაში უხდებათ.