“ევროპული საქართველო” მოითხოვს გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო განმარტება გააკეთოს: იმ დროს, როდესაც მთავრობა თავად უნდა ცდილობდეს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, რატომ ექმნებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ინვესტორებს პრობლემები და რატომ ზიანდება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩილ თალაკვაძის კომენტარმა მხოლოდ დაადასტურა, რომ ეგვიპტის, ლიბანისა და ყატარის საერთაშორისო სავაჭრო პალატების ხელმძღვანელებს, ავტორიტეტულ ბიზნესმენებს აეროპორტში, საზღვარზე პრობლემები განზრახ შეუქმნეს.
„არჩილ თალაკვაძის კომენტარმა მხოლოდ დაადასტურა, რომ ეგვიპტის, ლიბანისა და ყატარის საერთაშორისო სავაჭრო პალატების ხელმძღვანელებს, ავტორიტეტულ ბიზნესმენებს აეროპორტში, საზღვარზე პრობლემები განზრახ შეუქმნეს, ხოლო პრემიერმა კვირიკაშვილმა მათთან და ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის სათაო ოფისიდან (პარიზი) ჩამოსულ სხვა სტუმრებთან დაგეგმილი შეხვედრა აშაკარად პოლიტიკური მოტივებით გააუქმა,” - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ძირითადი პრობლემები საყოველთაო გაჭირვება, უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ეკონომიკური აქტივობაა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, ფასების დასასტაბილურებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად
“მომხდარი ფაქტი არ ნიშნავს მხოლოდ ახლა და ამ კონკრეტული ბისნესმენებიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას. ეს ნიშნავს ასეულობით სხვა პოტენციური ინვესტორისათვის იმის თქმას, რომ საქართველოში მათ არ მიესალმებიან, რომ საქართველო ბიზნესის კეთებისათვის არასაიმედო ქვეყანაა.
ასეთი მდგომარეობა კი ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენი მოქალაქეების დაბალ შემოსავლებზე, საყოველთაო გაჭირვებაზე, უმუშევრობასა და ფასების ზრდაზე”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.