ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველოში არასოდეს განელებულა სწრაფვა მშვიდობისკენ როგორც შინ, ისე მთლიანად რეგიონში და სწორედ ეს არის ის საერთო მიზანი, რომელიც საქართველოს აკავშირებს ამერიკასთან.
„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უდიდესი, არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარმატებისთვის და ამერიკა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც იზიარებს ამერიკის ღირებულებებს და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ვართ რთულ რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის მაგალითი“, - განაცხადა მან.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამერიკული გამოცდილება არა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, არამედ აიყვანს კიდეც ჩვენს პარტნიორობას ახალ საფეხურზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ამერიკული გამოცდილება არა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, არამედ აიყვანს კიდეც ჩვენს პარტნიორობას ახალ საფეხურზე და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს აქცევს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციის ურყევ ბურჯად“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.