„საქართველო და ევროკავშირი" იყო საუბრის მთავარი თემა, მარნეულის მე-8 საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრაში, რომელიც „ევროპის დღის" აღსანიშნავად შედგა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი გიორგი მოსიძე, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ - კავკასიის წარმომადგენლობითი ოფისის დირექტორი - ტომას შრაპელი მონაწილეობდნენ.
გიორგი მოსიძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ევროპული სტრუქტურებისკენ ჩვენი ქვეყნის სწრაფვაზე და ევროპულ სივრცეში საქართველოს ადგილის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მან შეხვედრისას, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებზე და ევროპარლამენტის მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი მოსიძემ, ევროკავშირთან საქართველოს თავისუფალი მიმოსვლის ამოქმედებაზე, განათლებისა და განათლებული ახალგაზრდების მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს განვითარებაში განათლებული საზოგადოების როლზე ისაუბრა. „ჩვენ კარგად უნდა დავანახოთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, თუ რა პერსპექტივები იშლება მათ წინ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის. საქართველომ მიიღო ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაცია. უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოება მოხდება. მნიშვნელოვანია საქართველოს ახალგაზრდა თაობამდე ყველამ მივიტანოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა არის ევროპა, რა ფასეულობებზე დგას და რა პერსპექტივებს გვთავაზობს იგი", - აღნიშნა გიორგი მოსიძემ.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეების კითხვები ძირითადად შეეხებოდა, თუ რა სიკეთეებს უნდა ელოდოს ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებით და რა შანსები ეძლევათ ახალგაზრდებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციით.
პარლამენტის წევრებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს კონკურსზე, რომელიც „ევროპის დღესთან" დაკავშირებით პარლამენტში გაიმართება. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები - თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპა" წარმოადგინონ. კონკურსის მონაწილეებს პარლამენტში 8 მაისს უმასპინძლებენ და საუკეთესო ნახატების ავტორებს დააჯილდოებენ.
ხვალ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, მორიგ შეხვედრას უკვე ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართავს.