კონსტიტუციის ახალი ვერსიით, პრეზიდენტს 300 ე.წ. ხმოსანი აირჩევს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის ახალ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის გადასინჯვაში ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„დღეს, როდესაც საკონსტიტუციო კომისია ფაქტობრივად ყველა ოპოზიციურმა ძალამ დატოვა, ჩვენი კამპანია უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა თავის პოზიცია კიდევ უფრო ნათლად უნდა გამოთქვას, მიაწოდოს თავის შეხედულებები იმ პატივცემულ იურისტებს, კონსტიტუციონალისტებს, ვინც ქმნიან კონსტიტუციას. ჩვენ გვაქვს უკვე შესაძლებლობა გავეცნოთ მათ დაწერილ დოკუმენტს, აქამდე იყო ზოგადად მოსაზრებები, პოლიტიკური განცხადებები. ახლა ჩვენ ვხედავთ უკვე პირველ ვერსიას მომავალი კონსტიტუციის და მინდა, რამდენიმე ძირითად პუნქტს შევეხო ამ ახალი კონსტიტუციიდან. პირველი და სამწუხარო მდგომარეობს იმაში, რომ ხალხის ნათლად გამოხატული ნება, რომ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი იქნა უგულებელყოფილი და არა საზოგადოება, არა ჩვენ, არა მოქალაქეები ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით 300 ე.წ. ხმოსანი აირჩევს პრეზიდენტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ფაქტობრივად აღარ აქვს რეალურად ის მცირედი უფლებებიც, რაც 2013 წლიდან საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა.
„ყველაზე საშიში მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი. მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლს, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყანაში ეფექტურ თავდაცვით საქმიანობას და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობას. გამქრალია უშიშროების საბჭო და რეალურად პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება ომის შემთხვევაში იყოს მთავარსარდალი, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე ხდება მთავარსარდალი და მის მოქმედებას ფაქტობრივად აღარ ექნება ეფექტურობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.