საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ ბათუმს ეწვევა და სტუდენტებს, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდება.
ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი პირველ შეხვედრას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართავს, რომელზეც „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს.
ამავე კამპანიის ფარგლებში, ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
დაგეგმილია ასევე საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და სასამართლოს წევრებთან.