უახლოეს მომავალში ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა ქვეყნის ღირსეული პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც განაპირობებს ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდას.
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით და უკვე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. უახლოეს მომავალში ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან. გარდა ამისა, დღეს უკვე ვიხილავთ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი ქმნის უზარმაზარ პოტენციალს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მუშაობას. უფრო მეტიც, ჩვენი ექსპორტიორების გლობალური პოზიციონირებისთვის რამდენიმე სახელმწიფო უწყება გააერთიანებს ძალისხმევას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, „აწარმოე საქართველოში“, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო ერთობლივად იმუშავებენ, რათა ხელი შეუწყონ ექსპორტიორების ახალ ბაზრებზე გასვლასა და დამკვიდრებას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. ისინი იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებში იმუშავებენ. მათი საშუალებით შესაძლებელი გახდება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაცნობა უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისთვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპორტო პროდუქტით და მეტი საერთაშორისო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.