„თითქოს ერთ ადამიანზე არიან გაბრაზებულები“- განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პოლიტმეტრის“ ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებისას. მისი თქმით, პროცესი უმრავლესობისა და პრეზიდენტის დაპირისპირების გამოხატულებაა, რის გამოც გაჩნდა მსგავსი ინიციატივები.
„თითქოს ერთ ადამიანზე არიან გაბრაზებულები და მის გამო ხდება მთელი ეს უბედურება, კონკრეტულად პრეზიდენტზე. ამ დროს ამ პრეზიდენტს არანაირად არ ეხება ეს ცვლილებები, 2018 წელშიც რომ შევიდეს ძალაში. თუმცა ისინი ამბობენ და კარგი იქნება თუ სიტყვას არ გატეხენ და 2023 წლიდან არ შეიტანენ. თეორიულად, თუ 2023-ში შედის ეს ძალაში, გიორგი მარგველაშვილს ნამდვილად არ ეხება. აქაა პრინციპის საქმე და არა დეკლარირებული მომწონს-არ მომწონს.
ფაქტობრივად რას აკეთებენ, ამბობენ, რომ „საქორწინო გენერალი“ უნდა იყოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ ძარცვავენ მთლიანად უფლებამოსილებისგან და უბრალოდ ერქვას სიმბოლურად მთავარსარდალი, რა პრობლემაა. სინამდვილეში მთავარსარდლის ფუნქციები მთლიანად იქნება გამოშიგნული და ერთადერთი, ომიანობის შემთხვევაში შეიძლება დაურეკონ და უთხრან კამერასთნ დადექი და რაღაცა გვითხარიო. პროცესი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ პროცესი წავიდეს უზურპაციისკენ, ასეთი სურვილები იგრძნობა ხელისუფლების რიგებში.“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
იგი საარჩევნო სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებსაც შეეხო. მისი თქმით, არადემოკრატიულია თუკი 30%-ით გამარჯვებულ პარტიას შეუძლია ბარიერს მიღმა დარჩენილი დაახლოებით 20%-მდე მანდატები საკუთარ ადგილებს მიუმატოს პარლამენტში.