ცხინვალში დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ აღარ ჩატარდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 58-მა პროცენტმა მისცა. ის, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, ბიბილოვმა ეგზიტპოლის მონაცემების გამოქვეყნებისთანავე განაცხადა. გვიან ღამით ცხინვალის ცენტრში ბიბილოვის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც ცესკოს მიერ ბიულეტენების დათვლის პროცესის გაჭიანურებას აპროტესტებდნენ, თუმცა დეფაქტო კანდიდატმა მათ დაშლისკენ მოუწოდა. რაც შეეხება რეფერენდუმს სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის შესახებ, ინიციატივას მხარი, ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა თითქმის 80-მა პროცენტმა დაუჭირა.