ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონისთვის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“-ს სახელის მინიჭებას.
აღნიშნული რეფერენდუმი და არჩევნები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას და, შესაბამისად, ცნობილია არალეგიტიმურად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევა არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელება - ეთნიკური წმენდისა და სამხედრო აგრესიის, ასევე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამხედრო-საჯარისო შენაერთების რუსეთის სამხედრო ძალებთან გაერთიანების და ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსიის დაკანონების მცდელობა. ის ხელს უშლის საერთაშორისო ფორმატებში მიმდინარე მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა; გააძლიეროს ძალისხმევა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისათვის და მკვეთრი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოებულ ღია ანექსიის პროცესზე. ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობებში ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების ხარჯზე გატარებული შეგუების პოლიტიკა მხოლოდ უმარტივებს რუსეთს დასახული მიზნების მიღწევას.