ქუთაისის სარკინიგზო გზისა და სადგურის მშენებლობის პროექტის დაწყებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეხმიანება. მისი შეფასებით, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისათვის.
,,ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული ამ პროექტით, იგი მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი აჭარის რეგიონისთვის. სულ მალე იწყება ტურისტული სეზონი აჭარაში. ქუთაისის აეროპორტის საშუალებით, ზღვის კურორტებზე უამრავი ტურისტი ჩამოდის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავტვირთოთ ჩვენი რეგიონი და კიდევ უფრო გავზარდოთ ქუთაისიდან შემოსული ტურისტების ნაკადი, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი და იგი აუცილებლად მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რეგიონს უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს და განვითარებას“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის წევრებთან და სხვა იფიციალურ პირებთან ერთად, 3 აპრილს, ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ყველა მგზავრს, ყველა ტურისტს შეეძლება აჭარის საზღვაო კურორტებზე და საქართველოს სხვა კუთხეებში ჩავიდეს კომფორტული და თანამედროვე რკინიგზით. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ტურისტების მოზიდვისა და რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, ავიაკომპანია Wizzair-ის მგზავრები საბორტო ჟურნალში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო სტატიას „ბათუმი ოთხი სეზონის ქალაქია“ („Batumi a city for all seasons”) წაიკითხავენ.