ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრებისა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის ფარგლებში ზურაბ პატარაძე სოფელ ოქრუაშვილებს ესტუმრა, სადაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ახალაშენებული კულტურის სახლი გახსნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის მასშტაბით ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ სადღესასწაულო დღეებსაც გამოეხმაურა. ზურაბ პატარაძის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ აჭარის მოსახლეობას ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან დღეს ხულოს მუნიციპალიტეტიდან ულოცავს.
„საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკისა და დაუღალავი შრომის შედეგია. უახლოეს მომავალში საქართველოსთვის გაიხსნება 500 მილიონიანი ევროპული ბაზარი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქციის წარმოებისა და ექპორტის გაზრდას“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ოქრუაშვილების კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას ხულოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტებზე, კურორტ „გოდერძის“ განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის დაგეგმილ ღონისძიებებზე და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტზეც ესაუბრა. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ შიდა სასოფლო და თემებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციაზე. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ხულოს მუნიციპალიტეტს უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ სერვისის სფეროში დაგეგმილი გადამზადების უფასო კურსების ძირითადი ნაწილი სწორედ მთიანი აჭარისკენაა მიმართული. გადამზადების კურსები მაღალმთიან სოფლებში არსებულ განთავსებისა და კვების ობიექტებში თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.https://www.youtube.com/watch?v=yneF4W-VmaE