აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ "გოდერძს" კიდევ ერთხელ ეწვია. რეგიონის ხელმძღვანელი კურორტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფრომაცია მოისმინა. შეხვედრებს ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდა. ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას კურორტის განვითარების მნიშვნელობაზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და გაზიფიცირების პერსპექტივებზე ესაუბრა. მისი თქმით, კურორტ "გოდერძს" შეუძლია იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად არა მარტო აჭარის რეგიონში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღინიშნა, რომ მიუხედავად კურორტის ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე ყოფნისა, დიდია უცხოელი ტურისტების დაინტერესებაც. კურორტის განვითარება დიდ სარგებელს მოუტანს პირველ რიგში სწორედ კურორტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართულები სხვადასხვა სერვისის განვითარებაში. ზურაბ პატარაძემ მათ ხულო-გოდერძის გზის პროექტთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია. გაზაფხულზე, თოვლის დადნობისთანავე, დაიწყება ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. 29 კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებაზე 8 მილიონი ქუვეითური დინარი (27 მილიონ დოლარზე მეტი) დაიხარჯება. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდების რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს. შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2017 წლის 17 იანვარს მოეწერა.