გერმანიის ელიტის 92 პროცენტმა _ ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში მაღალი თანამდებობის პირებმა თავიანთი უკმაყოფილება ანგელა მერკელის მთავრობის მიმართ გამოთქვეს. შესაბამისი სოციოლოგიური კვლევა "Capital-Elite-Panel-მა ჩაატარა.
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავრობა მეტად სუსტია იმისათვის, რომ დასახული ამოცანები გადაჭრას და შექმნილი სირთულეები გადალახოს. შიდა სამთავრობო დავამ და კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის არსებულმა უთანხმოებამ ანგელა მერკელის იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედა. გერმანელი ჩინოვნიკების 49 პროცენტი მას სუსტ კანცლერად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2009 წლის დეკემბერში ამ აზრს მხოლოდ 25 პროცენტი ეთანხმებოდა.
კვლევის მსვლეობისას 533 მაღალი თანამდებობის პირი გამოიკითხა. კვლევის ორგანიზატორთა თქმით, მთავრობის მიმართ მსგავსი უკმაყოფილობისა და იმედგაცრუების ასეთი მაღალი დონე არასოდეს არ დაფიქსირებულა.