დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შეფასებისას, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სრულიად სხვა საფეხურზე გადავა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მის შეხვედრას წინ უძღოდა ძალიან წარმატებული ვიზიტები, საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრები, ასევე - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით.
„თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე სამხედრო რეფორმა ძალიან დადებითად შეფასდა და მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში, დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს მაიკ პენსს მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზადაა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელი შეუწყოს. მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერმინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრის სურვილი გამოთქვა.