პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა, საკანონმდებლო ორგანოში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მისვლასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში ჩაერთოს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ამ განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის წარმოამდგენელ ოთარ კახიძეს უპასუხა.
„შემიძლია, კონსულტაციებში დღესვე ჩავერთო და სამომავლო მოქმედებები განვსაზღვრო", - აღნიშნა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, რომ უმცირესობამ კალაძეს ორჯერ გაუგზავნა ოფიციალური წერილი, “გაზპრომთან“ დაკავშირებით უმცირესობის ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე მოსვლისა და კითხვებზე პასუხების გაცემის თაობაზე. კახიძის თქმით, ორივე შემთხვევაში პასუხი იყო, რომ გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო, მინისტრი უმცირესობის ფრაქციების სხდომას ვერ დაესწრებოდა.
კახიძემ კობახიძეს სთხოვა, თუკი კალაძე პარლამენტში არ მივა, მოხდეს რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამოყენება და პრემიერის წინაშე აღნიშნული საკითხის შესწავლის დასმა.