დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს კლინიკაში დარჩება და მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ გადაიყვანენ, - ამის შესახებ განცხადება, ჩაფიძის გულის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, კახა ლაზარიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პაციენტს რამდენიმე მიმართულებით გამოკვლევა უტარდება.
ლაზარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს სიმპტომები, შესაძლოა, სტრესის ფონზე განვითარებულიყო.
"პაციენტი 16 საათია შემოსულია კლინიკაში, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, ტარდება აუცილებელი კვლევები. მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა. ის ჯერჯერობით რჩება კლინიკაში, ვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ მკურნალობის რა ფორმა დასჭირდება შემდეგში.“-განაცხადა ექიმმა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის გულის კლინიკაში გუშინ საღამოს, გონების დაკარგვის დიაგნოზით გადაიყვანეს.
პროკურატურამ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".
ორი დღის წინ, საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის.