საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმიანება. პატრიარქი პირველ კომენტარს ბერლინიდან აკეთებს და აცხადებს, რომ ის იცნობს მამა გიორგის და მასზე კარგის მეტი არაფერისმენია.
„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“, - განაცხადა ილია მეორემ.
ილია მეორეს ლაპარასკოპიული მეთოდით 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ბერლინში ჩაუტარდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობას ექიმები დადებითად აფასებენ. უწმინდესი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.
ბერლინ-ბუხ კლინიკიდან პატრიარქს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოწერენ, რის შემდეგაც უწმინდესი რეაბილიტაციის კურსს საქართველოში განაგრძობს.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას, პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა.
უწყების ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.