აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ ჯანელიძის განცხადებას ეხმაურება.
" ჯანელიძის განცხადებას ვაფასებთ თბილისის უხეშ მცდელობად, აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოს ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში მოაქციონ. ე.წ. "ნეიტრალური პასპორტების" იდეის ჩავარდნის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სახით და ჩვენი მოქალაქეები საქართველოში ჩაიტყუოს. როგორც ყველა წინა მცდელობა, ეს მცდელობაც წარუმატებელი იქნება. თუ ქართველ მხარეს აწუხებს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხი, უარი თქვან ჩვენი მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციაზე, რომელთაც თბილისის გამო ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ"-ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ევროინტეგრაციით მიღებული სარგებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს.