ოსი სეპარატისტები ოსურ ენასა და კულტურაზე ზრუნვას იწყებენ. კერძოდ, მზადდება სამი კანონპროექტი, რომელსაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს. აღნიშნულ კანონპროექტთა შორისაა კანონპროექტები "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ენის შესახებ", "ოსური საგვარეულო სახელების შესახებ" და "სამხრეთ ოსეთის გეოგრაფიული ობიექტების დასახელებების შესახებ". განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. პარლამენტის სპიკერის მოადგილემ მირა ცხოვრებოვამ ოსური ენისა და კულტურის განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, კანონპროექტი "სამხრეთ ოსეთის გეოგრაფიული ობიექტების დასახელებების შესახებ" გულისხმობს, რომ "ყველა ტოპონიმურ დასახელებას, რომლებიც არსებობს ამჟამად, დაუბრუნდება ოსური ჟღერადობა იმ შემთხვევაში, თუკი სახელწოდება შეცვლილია ან სხვა ყაიდაზეა გადაყვანილი".
ამას გარდა, მისი თქმით, მალე ე. წ. სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრებს შესაძლებლობა ექნება დაიბრუნოს "ოსური გვარი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იცვლებოდა სხვადასხვა ენაზე გადაყვანით".
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია. ჩვენი გვარების მართლწერის ისტორია _ ჩვენი ბედის ისტორიაა. ჯერ ისინი მახინჯდებოდა ქართულ ყაიდაზე, შემდეგ მათ თარგმნიდნენ რუსულ ენაზე და შემდეგ ისევ ქართულზე. ამის შედეგად დავკარგეთ საგვარეულო სახელები. დღესაც კი, როდესაც მათ რუსულიდან ოსურ ენაზე ვთარგმნით, ვიბნევით და არ ვიცით, როგორ გამოითქმის ზუსტად ესა თუ ის გვარი", _ აცხადებს ცხოვრებოვა და დასძენს, რომ კანონპროექტს თან უნდა ახლდეს ყველა ოსური გვარის რეესტრი, რომელიც როგორც სამხრეთში ისე ჩრდილოეთშია".
"ამის შემდეგ გვარებს რუსულ ენაზე ვთარგმნით, თუმცა ახალი ჟღერადობით, სადაც არ იქნება დაბოლოებები "ოვ" და "ევ". იარსებებს ასევე გვარების ლათინური დანართი საზღვარგარეთის პასპორტებისთვის", _ აცხადებს ცხოვრებოვა და აღნიშნავს, რომ "ახალი გვარები" "ძველ გვარებთან" მიმართებაში იურიდიულად იდენტიფიცირებული იქნება.
რაც შეეხება კანონპროექტს "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ენის შესახებ", _ ცხოვრებოვა აცხადებს, რომ "კანონის მიხედვით სახელმწიფო ენა სამხრეთ ოსეთში ოსური ენა იქნება, ხოლო რუსულს დარჩება სტატუსი "ოფიციალური ენისა" - ეს იქნება ენა, რომელზეც იქნება ურთიერთობა სახელმწიფო დაწესებულებებში, სამუშაო ენა და საქმეთწარმოების ენა".