აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 200 მილიონი ლარის უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება იწყება. შპს „ორბი ჯგუფი“ ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის მიმდებარედ 15 227 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მასშტაბური კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს. ინვესტიციით 1000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი და 4500-ზე მეტი განთავსების ადგილი გაჩნდება ქალაქში.
ხელშეკრულების მიხედვით, ტერიტორიაზე რეკარეაციული ზონა მოეწყობა. უწყების ცნობით, პროექტი სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, ღია სპორტული მოედნის, საგამოფენო დარბაზის, რესტორნების, კაფეების და ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი პროექტით ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი პირველი ხიდი აშენდება, რაშიც 1 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასევე ინვესტორი 10 მეტრი სიგანის ახალი საავტომობილო გზის მოწყობას უზრუნველყოფს, რომელიც გმირთა ხეივანს დავით ხახუტაიშვილის ქუჩასთან დააკავშირებს. საავტომობილო გზა გარე განათებით აღიჭურვება.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სასპორტო სკოლა ე.წ ბასკოს შენობა არ არის პრივატიზებული და ის არ ინგრევა. ინვესტორმა 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების მიზნით შეიძინა მხოლოდ სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის მიწის ნაკვეთი, თუმცა მოქმედი სპორტული სახეობების უწყვეტად ფუნქციონირების მიზნით, კომპანია 18 თვის განმავლობაში ალტერნატიულ შენობა-ნაგებობაში სპორტული სახეობების განთავსების ხარჯებს დაფარავს. პარალელურად უკვე დაწყებულია ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცედურები, რომელსაც აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე პროექტირების ეტაპია და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სპორტსმენები სწორედ აღნიშნული შენობაში გააგრძელებენ სამომავლოდ საქმიანობას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სასპორტო სკოლის უკან არსებულ ორ სპორტულ ცენტრში მოღვაწე სპორტსმენებს, არათუ შენობა არ ექნებათ, არამედ ექნებათ ახალი შენობა და კიდევ უფრო უკეთესი პირობები სპორტული საქმიანობისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმში კიდევ ერთი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია ყინულის სასახლესთან, რაც აჭარაში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს", -განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.