E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მშენებლობა. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.
ამ დროისთვის, ხიდებზე ბურჯების, რიგელების, ლითონის ბარიერებისა და სადეფორმაციო ნაკერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს გზის გამყოფ ზოლზე ნიუჯერსის ბეტონის ბარიერებისა და გზის საფუძვლის მოწყობა ცემენტ-ბეტონის საფარის დასაგებად.
სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგიკვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების უმთავრესი ნაწილია.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.