სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საარჩევნო კომისიამ ედუარდ კოკოითს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა სოსლან ჯუსოევმა განაცხადა. „კანონი ყველასათვის ერთია. არსებობს რეგისტრაციის პროცედურა და მოთხოვნები, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ, მათ შორის კანონი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ამიტომ, ედუარდ კოკოითი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდება,“-აღნიშნა ჯუსოევმა. კანდიდატად დარეგისტრირების მოთხოვნით დეფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 14 დეკემბერს მიმართა. „მომავალი წლის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. თავისუფალი ადამიანი ვარ და ვცხოვრობ იქ, სადაც მინდა, იქნება ეს ოსეთი თუ მოსკოვი,“-განაცხადა კოკოითმა.