რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და გზის გაწმენდითი სამუშაო 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი და ავტოტრანსპორტის განვლადობის შესანარჩუნებლად ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს, მლეთა-გუდაურის გზის მონაკვეთზეც. უამინდობისგამო შეზღუდვები მოქმედებს გომბორის უღელტეხილზეც. წუხანდელი ინტენსიური თოვის და ლიპყინულისგამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტომობილებით მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გზის ამ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. როგორც თელავის საგზაო სამმართველოში აცხადებენ, გზაზე მართალია ტექნიკურ მარილს ყრიან, თუმცა მდგომარეობას ყინვა ართულებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.