აჭარაში დიდთოვლობის გამო 5 მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა. ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაზარალებულა. განსაკუთრებით დიდი ნალექია ხულოს მუნიციპალიტეტში. ძლიერმა თოვლმა საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, რის გამოც სამაშველო სამსახურმა ოჯახი გამოასახლა.
სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ მოსახლეობა მაშველებს, ძირითადად, ავადმყოფებისა და ფეხმძიმეების ისეთი ხეობებიდან გამოსაყვანად იძახებენ, სადაც თოვლმა გზა ჩაკეტა და მოსახლეობა გარესამყაროს მოწყვეტილები არიან.
ამ დრომდე პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებითაც. "ენერგო პრო ჯორჯიაში" ვერ აკონკრეტებენ, ზუსტად რამდენ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ძლიერი თოვის გამო გართულებულია ავტომანქანით ან ფეხით იმ ადგილებთან მისვლა, სადაც სადენებია დაზიანებული. რიგ სოფლებში, მოსახლეობა მეორე დღეა უშუქოდაა დარჩენილი.
სახანძრო და სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამ დროისთვის მაღალმთიან აჭარაში მოძრაობა მხოლოდ ორხიდიანი ავტომანქანებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დაშვებული.