აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მომდევნო 4 წლის პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და კემპინგ-პარკი მახინჯაურში, ალპური ბოტანიკური ბაღი მაღალმთიან აჭარაში, რვაფეხას რეკონსტრუქცია და ბულვარის კონსერვაცია, ესტაკადა ქალაქის შემოსასვლელში და ინვესტიციები ტურიზმის მიმართულებით - ეს ნაწილია იმ პროექტებისა და გეგმებისა, რომლებიც ზურაბ პატარაძის სამთავრობო პროგრამაშია.
უფრო დეტალურად კი აჭარის მთავრობის სამოქმედო ხედვის პრეზენტაციას პატარაძე 5 დეკემბერს, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე წარადგენს, სადაც დეპუტატები კენჭს უყრიან მის კანიდატურას.
იმისთვის, რომ პატარაძე მის სამთავრობო გუნდთან ერთად თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიონ, 21 დეპუტატიდან სულ ცოტა 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.