დღეს, ბათუმში, პირველი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი „ბათუმი მოლი“ გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა.
“მინდა პირველ რიგში მივულოცო ბათუმელებს. პირველი მრავალფუნქციური მოლი გვაქვს ბათუმში. დღეიდან ბათუმელებს აქ შუძლიათ მოვიდნენ ოჯახებთან ერთად და დაისვენონ. არაჩვეულებრივი გარემოა და ეს არის პირველი მერცხალი. მრავალი მოლი და სავაჭრო ცენტრი გაიხსნება მალე ბათუმში ” - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. „ბათუმი მოლი“ არის 4 სართულიანი და შენობას თან ახლავს 6 დონიანი ავტო პარკინგი, რაც ბათუმისათვის სიახლეს წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე საცობების თავიდან აცილებას. ცენტრის თოთოეულ სართულს აქვს ინდივიდუალური გასასვლელი პარკინგის შესაბამის დონეზე. მაქსიმალური კომფორტისათვის, ცენტრი აჭღურვილია შენობის ყველა სართულზე მდებარე ლიფტებით და ესკალატორებით.
ამ ეტაპზე სავაჭრო მოლში გახსნილია და წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების 50-მდე ბრენდი და გასართობი ობიექტი. წლის ბოლოსათვის დაგეგმილია ობიექტების რაოდენობის ზრდა. შესაბამისად 2016 წლის ბოლოს, „ბათუმი მოლი“ ჯამში 120 ობიექტით მოემსახურება ბათუმელებს და მის სტუმრებს.
სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია: ჰიპერპერმარკეტი, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდული მაღაზიები , პარფიუმერული, სამკაულის და აქსესუარების მაღაზიები, სატრენაჟორო დარბაზი, კაფეები,ბარები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები.
პროექტზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 200 ადამიანი, ხოლო გახსნის შემდეგ დასაქმდება - 50-მდე ადამიანი.