საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურაში ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
2015-2016 წელს ქალაქ ჭიათურაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 ბაგა-ბაღს. პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ხუთივე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ჭიათურის ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე ჯამში 869 114 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში ჭიათურაში მცხოვრები 1640-მდე აღსაზრდელი დადის. მაშინ როცა, 2009 წელს მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში მხოლოდ 900 ბავშვი დადიოდა.