აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად კურორტ ბეშუმში მიმდინარე გზის, წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოების ჩატარებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. დაგეგმილია ასევე კურორტისათვის ახალი ადმინისტრაციული შენობის აგება. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები კურორტ „ბეშუმის“ არსებობის მანძილზე არ ჩატარებულა.
კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების განსახორციელებლად შპს ,,B&B"-სთან ხელშეკრულება 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა. სამუშაოების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 717 229 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის საკურორტო ზონაში შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოები დასრულებულია. დასრულების სტადიაშია ასევე საკურორტო ზონის გარეთ ცენტრალური წყალსადენისა და რეზერვუარების მოწყობაც.
რაც შეეხება კურორტ ბეშუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, სამუშაოებს აქ შპს „TUSKI GEOLOGY GROUP"-ი ახორციელებს. სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპილატიტეს ბიუჯეტიდან 312 728 ლარია გამოყოფილი.
მთის კლიმატური კურორტი ბეშუმი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ზე მდებარეობს. კურორტი მდიდარია წიწვიანი ტყეებით და სასარგებლოა სასუნთქ ორგანოთა სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება.