მსოფლიოში სამხედრო ხარჯებმა რეკორდულ ნიშნულს _ 1,53 ტრილიონ დოლარს მიაღწია. 2008 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 5,9 პროცენტით გაიზარდა. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა სამხედრო-სამრეწველო დარგზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა.
2009 წელს ქვეყნების უმრავლესობამ ინვესტიციები ეკონომიკის ფინანსურ და რეალურ სექტორში მნიშვნელოვნად გაზარდა, რათა მშპ-ის ვარდნა შეეჩერებინათ. ამასთან მოსალოდნელი იყო თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის დაფინანსების შემცირება. ექსპერტების თქმით, სამხედრო ხარჯები იშვიათად ხდება მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების გეგმის ნაწილი. ამის მიუხედავად, 2009 წელს ქვეყნებმა ეს ხარჯები 65 პროცენტით გაზარდეს.
გასულ წელს სამხედრო ხარჯების მოცულობით პირველი ადგილი აშშ-მა დაიკავა და 661 მლრდ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე აღმოჩნდა ჩინეთი, რომლის სამხედრო ხარჯებმა 100 მლრდ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილი წილად ხვდა საფრანგეთს. მან სამხედრო თავდაცვის გასაუმჯობესებლად 63,9 მლრდ დოლარი გამოყო. დიდმა ბრიტანეთმა სამხედრო მრეწველობაში 58 მლრდ დოლარი დახარჯა და მეოთხე ადგილი დაიკავა. მეხუთე კი რუსეთს ერგო, რომლის სამხედრო ხარჯებმა 53 მლრდ დოლარი შეადგინა.