აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო გემის "PREMIER MAITRE L'HER"-ის კაპიტანს და საფრანგეთის ელჩს შეხვდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური ესწრებოდა.
”გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაუსვეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივი ქართულ-ფრანგული წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. წვრთნები ყვინთვაში გაიმართება. საქართველოს საჩხერის სამთო მომზადების სკოლისათვის შეძენილი აღჭურვილობა საჩუქრად გადაეცემა”, - აცხადებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ავიზო “პრემიე მეტრ ლერის” ვიზიტი ბათუმის პორტში 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.