სოხუმში მდებარე ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და საჯარო თავშეყრის ადგილები გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი. შესაბამისი განკარგულება სოხუმის დეფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გასცა. მისივე დავალებით, ე.წ. ძალოვანმა უწყებებმა უნდა ჩაატარონ „ყველა საჭირო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება“ სოხუმში მომხდარი ინციდენტის დეტალების დასადგენად. დღეს დილით სოხუმის ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა. ოკუპირებული შინაგან საქმეთა მინისტრის, ასლან კობახიას ცნობით, ადგილზე ნაპოვნია თვითნაკეთი ბომბის ფრაგმენტები. დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კობახია ვარაუდობს, რომ მას თანამზრახველები ჰყავდა.