1973 წლის 23 აგვისტოს შვედეთში ციხიდან გაქცეული იან-ერიკ ულსონი შეიჭრა სტოკჰოლმის ერთ ერთი ბანკში, დაჭრა ბანკის მცველი პოლიციელი და მძევლად აიყვანა ბანკის ოთხი თანამშრომელი. ულსონის მოთხოვნით პოლიციამ ბანკში მის თანამესაკნე კლარკ ულოფსონი მიიყვანა. მოძალადეები შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულოფ პალმეს ტელეფონით უკავშირდებოდნენ და მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდნენ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, პოლიციამ ბანკის შენობაში ჯერ გაზი შეუშვა, შემდეგ კი იერიში მიიტანა. ტერორისტები დანებდნენ, ხოლო მძევლები უვნებელი დარჩნენ. თუმცა სიურპრიზები ამის შემდეგ დაიწყო. მძევლებმა განაცხადეს, რომ მათ პოლიციის უფრო ეშინოდათ ვიდრე მათი ტერორისტების. მეტიც, მათ საკუთარი ხარჯით ტერორისტებისთვის ადვოკატები დაიქირავეს, რის შედეგადაც ერთერთი მათგანი - ულოფსონი გაათავისუფლეს. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ ის ერთ ერთი მძევალის ოჯახს დაუმეგობრდა. ულსონმა ციხეში 10 წელი გაატარა, სადაც მძევლებისგან და თაყვანისმცემელი ქალებისგან გულთბილ წერილებს იღებდა. სწორედ ამ შემთხვევამ მისცა დასაბამი ფსიქოლოგიაში „სტოკჰოლმის სინდრომის“ ცნების გაჩენას -მოძალადისადმი ძალადობის ობიექტის სიმპათიებსა და თანაგრძნობას. სხვათა შორის, „სტოკჰოლმის სინდრომი“ მას შემდეგ კიდევ არაერთხელ განმეორდა. 1995 წელს შამილ ბასაევმა და მისმა ბოევიკებმა ბუდიონოვსკის საავადმყოფოში მძევლები აიყვანეს. ბევრი მძევალი გათავისუფლების შემდეგ აღნიშნავდა, რომ ტერორისტები „ღირსეულად იქცეოდნენ.“ სპეციალისტებმა დღემდე ვერ ამოხსნეს “სტოკჰოლმის სინდრომის” გამომწვევვი მიზეზები. ფსიქოლოგების ერთი ნაწილი ამ ფენომენს ხსნის როგორც ძალადობის მიმართ გაუცნობიერებელ და ემოციურ რეაქციას.
საინტერესოა, გვაქვს თუ არა საქმე „სტოკჰოლმის სინდრომთან“ იმ ამომრჩევლებში, რომლებმაც 2016 წლის არჩევნებზე ხმები „ნაცმოძრაობას“ მისცეს? როგორც ცნობილია, „ნაცმოძრაობა“ 8 წლის მანძილზე ძალადობდა მოსახლეობაზე ლამის ყველა მოაზრებადი ფორმით -- ფიზიკურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად, ინფორმაციულად და ეკონომიკურადაც. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა ამ არჩევნებზე მხარდამჭერთა რაოდენობის გაორმაგება. ჯერჯერობით ვერავინ მოუძებნა ამას ახსნა. ეს ხალხი ხომ ცხოვრობდა იმ ძალადობრივ გარემოში, მათ მოუწიათ იმის განცდა, რომ თუ ისე არ მოიქცეოდნენ, როგორც მოძალადეს სურდა, აუცილებლად დაისჯებოდნენ. რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ხალხის ერთ ნაწილს სწორედ „სტოკჰოლმის სინდრომი“ განუვითარდა, რომელსაც ახასიათებს ჯერ ერთგვარი მიჯაჭვულობა მოძალადისადმი, შემდეგ მისი ქმედებისათვის გამართლების მოძებნა და ბოლოს თანამშრომლობა.
ლევან გიორგაძე