ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი გაშენდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალი პროექტის განსახორციელებლად გადაცემული მიწის ნაკვეთი დაათვალიერა და ბაღის შესახებ მონაცემებს გაეცნო. ალპური ბოტანიკური ბაღის შესახებ პრეზენტაცია ბოტანიკური ბაღის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორმა, ზურაბ მანველიძემ და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ წარმოადგინეს. პრეზენტაციისას ნაჩვენები იყო მონაცემები ალპური ბაღის მომავალი იერსახის, ინფრასტრუქტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების შესახებ. ბაღის ტერიტორიაზე დაგეგმილია საოფისე და საინფორმაციო სივრცის მოწყობა,ძირითადი უბნების ფორმირება, ტურისტული ბილიკებისა და გზების მარკირება.
„გოდერძის სუბალპური ბაღი“ გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, ე.წ. “შქერნალის” ტერიტორიაზე, კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო აღმოსავლეთით გაშენდება.
ბაღი ესაზღვრება მდ. ქვაბლიანის ხეობას. შერჩეული ტერიტორია მოიცავს 10 ჰა-მდე ფართობს ფერდობებით, გავაკებებებით, ჭარბტენიანი მონაკვეთებით, ბუნებრივი ტბით, წყაროთი და ნაკადულით.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად მომავალი ბაღის ტერიტორიაზე სიმბოლურად ახალი ნერგები დარგეს.
ხულოში ახალი ალპური ბაღის არსებობა ხელს შეუწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის განვითარებას, მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნებას,სუბალპური ტყეების აღდგენითი ღონისძიებებისათვის სარგავი მასალის მიწოდებას. ბაღი ბეშუმის საზაფხულო კურორტისათვის სარეკრეაციო ფუნქციას შეიძენს.
ბაღში განხორციელდება მაღალი მთის ეკოსისტემების შემსწავლელი სამეცნიერო-საველე ექსპედიციები, რაც ხელს შეუწყობს მაღალიმთიან აჭარაში, ბიოლოგიისა და აგროეკოლოგიის პროფილის მქონე ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებას.
ალპური ბოტანიკური ბაღის დაარსება დიდ პერსპექტივებს შეჰქმნის აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტული პოტენციალის ათვისების და მრავალფეროვნების მიმართულებით.