25-29 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში დაგეგმილ საკვები პროდუქტების გამოფენაზე, საქართველოდან გურიის რეგიონი იქნება წარმოდგენილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გურიის აგრო-ბიზნესცენტრის ხელმძღვანელმა, ალეკო მამეიშვიულმა განუცხადა, გურიამ შარშან ბალტიისპირეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა და წლევანდელ გამოფენაშიც აქტიურად იქნება წარმოდგენილი.
ალეკო მამეიშვილის განცხადებით, გამოფენის ფარგლებში ასევე იგეგმება საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმება.
"გურია უკვე მესამედ მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენაში. გასულ წელს ასეთი გამოფენა ბალტიისპირეთში ჩატარდა. წელს გურია წარმოდგენილი იქნება მიუნხენში. გამოფენაში ოფიციალურად 250-მდე კომპანია მონაწილეობს. ჩვენ წინასწარ მოვიძიეთ ინფორმაცია მონაწილეთა შესახებ და მათ საქმიან წინადადებებს შევთავაზებთ. ვიმედოვნებ, რომ გამოფენის ფარგლებში საქმიანი ხელშეკრულებებიც გაფორმდება. გამოფენაზე ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ჩაი, მშრალი ხილი მოცვის და ხურმის სახით, მშრალი დაფნა, თაფლი, გურიაში წარმოებული ხილის საკონსერვო ნაწარმი, ციტრუსი, ფეიხოა, კივი", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ალეკო მამეიშვილმა. გამოფენას ფინანსურ მხარდაჭერას ჩეხეთის განვითარების სააგენტო უწევს.