21:30 საათის მონაცემებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცხელ ხაზზე, 3046 ზარი შევიდა. ცესკოს პრესსპიკერ ჯული გიორგაძის განცხადებით, საარჩევნო უბანზე რაიმე სერიოზული სახის დარღვევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ შესულა.
გიორგაძემ პოლიტიკურ სუბიექტებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს მოუწოდა, თუ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე სახის დარღვევაზე ინფორმაციას ფლობენ, ცხელ ხაზზე (51-00-51) დაუკავშირდნენ.
"ყველა დარღვევაზე ცესკო დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას", - აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი.
შეგახსნებთ, რომ არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556-მა მიიღო მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები, შესაძლოა, მცირედით შეიცვალოს.