"ეგზიტპოლები არის ის ხილი, რაც საქართველოში არ იჭმება", - ეს განცხადება ალიანსის წარმოლმადგენელმა მამუკა კაციტაძემ ალიანსის შტაბში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"მე შევესწარი ფაქტს, რომ ეგზიტპოლების ჩამტარებელი ინტერვიუერი საარჩევნო უბანზე შესვლამდე ამომრჩეველს ეუბნეოდა, 5 შემოხაზეო და შემდეგ იქიდან გამოსულს ანკეტას ავსებინდებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველებმა ვერ გაიგეს ამერიკელების დარიგება. ამიტომაც არ შეიძლება ეგზიტპოლები რეალურ შედეგებს ასახავდეს", - განაცხადა კაციტაძემ.
იგი ჯერჯერობით თავს იკავებს იმ საკითხის კომენტარისგან, თუ რა პოზიციას დაიკავებს ალიანსი იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს მონაცემები ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვევა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მოახერხონ, რომ საარჩევნო კომისიებს რეალურად დაათვლევინონ ჩაყრილი ბიულეტენები და არ მისცენ ცესკოს იმის საშუალება, რომ გააფორმოს ეგზიტპოლების შედეგები.
"უახლოეს საათებში ეს არის ჩვენი მიზანი და ყველანაირად ვეცდებით, ცესკოს მონაცემები კი არ მივიღოთ, არამედ ცესკოს წარვუდგინოთ ის, რაც უბნებზე დაფიქსირდა", - განაცხადა კაციტაძემ.